"საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას. ეს ახალი შეთანხმება
მომდევნო 5 წლისთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასთან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ურთიერთობისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარების სტრუქტურასა და ფორმატს" - ამის შესახებ USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, მთლიანობაში ეს შეთანხმება გულისხმობს 330 მლნ აშშ დოლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფას, რაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ იქნა მობილიზებული საერთაშორისო განვითარებისთვის.
„ძალიან სასიხარულო დღეა და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს ჩვენი - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - ძალისხმევის მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. დღეს მნიშვნელოვანმა მიზეზმა შეგვკრიბა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მე ამ წამს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას. ეს ახალი შეთანხმება მომდევნო 5 წლისთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასთან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ურთიერთობისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარების სტრუქტურასა და ფორმატს. როგორც მოისმინეთ, მთლიანობაში ეს შეთანხმება გულისხმობს 330 მლნ აშშ დოლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფას, რაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ იქნა მობილიზებული საერთაშორისო განვითარებისთვის. თავად შეთანხმების მიზნები ჩვენს მიერ საქართველოსთვის 2020-2025 წლებისთვის შემუშავებულ სტრატეგიას ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ გაიწერა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე კერძო სექტორში ჩვენს პარტნიორებთან ერთად. შეთანხმებას სამი ძირითადი მიზანი გააჩნია: გარედან მომდინარე გავლენების დაძლევა, მათ შორის დეზინფორმაციის განეიტრალება, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერება; მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესების აქცენტირებული განვითარება, რაც მოხდება მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების, მედიის თავისუფლების და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობით მთელი ქვეყნის მასშტაბით; ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რომელიც სარგებელს ყველა მოქალაქეს მოუტანს ამ დიდებულ ქვეყანაში ფასეული სამუშაო ადგილების შექმნის გზით. ეს სამი ძირითადი აქცენტი უდევს საფუძვლად ამ საგრანტო შეთანხმებას. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ კიდევ უფრო განვავითარებთ და სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. მხარს დავუჭერთ განვითარების მიმართულებით საქართველოში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ქართულ მიგნებებსა და გადაწყვეტას. ლიდერობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის წარმართვისთვის ბუნებრივია მადლობას ვუხდი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს", - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.