საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ EBRD-ი გააგრძელებს საქართველოს განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერას ქვეყნის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთგული პარტნიორია, რომლისგან მიღებულმა ფინანსურმა დახმარებამ 1992 წლიდან დღემდე, დაახლოებით 4 მილიარდი ევრო შეადგინა. EBRD- ის პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძლიერი ევროპული მისწრაფებების ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზას მიჰყვება და ამ გზაზე EBRD-ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.
საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორის და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გასულ წელს, კრიზისში დახმარების კონტექსტში განხორციელებული საქმიანობა. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და ევრობანკის სამომავლო გეგმებზე, გამოწვევების დაძლევისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარი ასევე შეეხო ინვესტორთა საბჭოს ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის აქტიურ პლატფორმას წარმოადგენს", - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.