ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
დაათვალიერეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა. მათ მოინახულეს ენგურის კაშხალი, სადაწნეო გვირაბი, მთავარი გამყვანი არხი, ელექტრომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობები, რომლებზეც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მთლიანად 48 მლნ ევროს ღირებულების სამუშაოები შესრულდა და ჰესი მაისში სრული სიმძლავრით ამუშვდება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეკონომიკის განვითარებისათვის.
„მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მდგენელია ენერგოდამოუკიდებლობა და სწორედ ენგურჰესისნაირი ჰესები მოგვცემენ იმის შესაძლებლობას, რომ შევძლოთ შევინარჩუნოთ ეს დამოუკიდებლობა და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დეპუტატებთან ერთად ენგურჰესის სარეაბილოტაციო სამუშაოები მოინახულეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.