"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა - დაახლოებით 31 პროცენტით," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
მინისტრის განცხადებით, 2021 წლის მარტში ექსპორტის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიური პარამეტრი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი ექსპორტის მოცულობის მიხედვით საქართველოსთვის რეკორდული იყო.
„ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით - საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის," - განაცხადა ნათია თურნავამ.