საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ფორმალური განხილვის გარეშე,
დაასრულა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის მერვე მიმოხილვა, რის შედეგადაც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა დამატებით, დაახლოებით, 111 მილიონი აშშ დოლარი.
აღნიშნული პროგრამის მერვე მიმოხილვით დასრულდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ, საერთო ჯამში, მიიღო, დაახლოებით, 687 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა.
ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები - გაძლიერდა საჯარო ფინანსები, რამაც საქართველოს საშუალება მისცა ადეკვატურად ეპასუხა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებს.
პირველი სამი წლის განმავლობაში პროგრამამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ბოლო ერთი წელი პროგრამის დახმარებით, ქვეყანამ შეძლო შეერბილებინა COVID-19-ის გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული შედეგები.
პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ რელიზში სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ განახორციელა მართებული ზომები პანდემიის ნეგატიური გავლენის შემსუბუქებისა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დასაცავად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მან გარდამტეხი როლი უნდა ითამაშოს COVID-19-ის კონტროლის მიმართულებით, რათა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
სსფ-ის საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება და მშპ წლის განმავლობაში 3,5 პროცენტით გაიზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მომავალი წლების პროგნოზი, და სამი წლის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ, პოზიტიურად აფასებს მთავრობის ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესის მხარდასაჭერად. ამასთან, ხაზგასმულია მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, მეტი ფისკალური დახმარების გაცემისთვის, გადაიხედოს ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა.
გავრცელებულ რელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, საუბრობს ფისკალური წესების დაცვის მნიშვნელობაზე აღნიშნავს რა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება, ხელს შეუწყობს ფისკალური რისკების კონტროლს და შემცირებას.
ამასთან, სსფ მიიჩვევს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გარდა, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. COVID-19 შოკის შედეგების შესამცირებლად, ფონდი მოკლევადიან პრიორიტეტად ასახელებს გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავებას და განათლების რეფორმას.