„მთავრობა შეღავათებს გაუწევს იმ კომპანიებს, რომლებმაც აუქციონის გზით, სხვადასხვა
პირობით შეიძინეს სახელმწიფო ქონება და პანდემიის გამო ვერ შეძლეს საფასურის გადახდა, საინვესტიციო პირობების შესრულება, ასევე მათ, ვინც იჯარით აიღეს სახელმწიფო ქონება და საიჯარო გადასახადი დაუგროვდათ" - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის სხდომამ იმსჯელა და დაამტკიცა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები. მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არსებობდა იურიდიული პრობლემა.
„ის კომპანიები, ვინც ამ ქონებას სახელმწიფოდან პირდაპირი გადაცემის წესით იძენს - მათთვის ვაკეთებთ ამ შეღავათს. მაგრამ მათთვის, ვინც ამ ქონებას იძენდნენ ან იჯარით იღებდნენ აუქციონის გზით, საგანგებო ჩანაწერის გამო ჩვენ ამას ვერ ვაკეთებდით. ამ ცვლილების შედეგად, ჩვენ თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ ყველანაირი წესით - სახელმწიფო ქონების იჯარით ამღებ ან მყიდველ კომპანიებს, ყველას მიეცემა საშუალება, თუკი დაასაბუთებენ, რომ პანდემიამ ისინი დააზარალა, რომ მთავრობამ თითოეულზე იმსჯელოს, მიიღოს გადაწყვეტილება - გადაუვადოს გადასახადები, აპატიოს პირგასამტეხლოები, გადაუვადოს საიჯარო ქირა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, სამინისტროში მიმართვის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დღესდღეობით 109 მცირე და საშუალო კომპანიაა, რომელთაც საკმაოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ და ეს საკმაოდ დიდი დახმარება იქნება ბიზნესისთვის ამ რთულ პანდემიურ პერიოდში.
„სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება.