მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში
1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.7 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (3.8 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურების (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.1 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11.2 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.5 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.2 პროცენტიანი კლება, რაც -1.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-29.0 პროცენტი).