„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ „ნამახვანი ჰესის" მშენებელ კომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ
მიწას, რაც პროექტთან არის თავსებადი და დასაბუთებულად საჭირო. მე პარლამენტშიც განვაცხადე, რომ თუ ვინმეს, დავუშვათ, აქვს კითხვა, კონკრეტული მიწა სჭირდება თუ არა პროექტს, კომპანია ვალდებულია გახსნას დოკუმენტები და მას აჩვენოს ეს პროექტი. ჩვენ მიწა უპირობოდ კი არ გადავეცით კომპანიას, არამედ გადავეცით მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ნაგებობების განლაგებისთვის. თუ აღმოჩნდა, დავუშვათ, იგივე პროექტის დაზუსტების ფარგლებში ჩვენს მიერ დაგეგმილი კვლევების შემდეგ, რომ სადღაც ჭარბი მიწა, სრული უფლება გვაქვს, უკან წამოვიღოთ. მიწასთან დაკავშირებული საკითხები არის ჩვეულებრივი პირობა, რომლითაც ჩვენ როგორც დიდ, ასევე პატარა პროექტებში ვიზიდავთ ინვესტორებს" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას შეფასებით, კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან სარგებლობის გარეშე წარმოუდგენელია.
„მაგალითად, „აწარმოე საქართველოში," რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს და ძალიან წარმატებული პროგრამაა, მისი ერთ-ერთი კომპონენტი აწყობილი გვაქვს იმაზე, რომ თუნდაც, ერთ ან ორ მილიონ ლარს როდესაც დებს ინვესტორი, მას საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ, გადავცეთ მიწა - უცხოელსაც და ქართველსაც იმისთვის, რომ ამ მიწაზე რამე ააშენოს. მაგალითად, ამ წუთში რაც მახსენდება, სულ ბოლოს, „აჭარა ტექსტილის" ჯგუფს რუსთავში გადავეცით რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი ფართობი, რომელზეც ააგო სამკერვალო ფაბრიკა და დაასაქმა ადამიანები. ეს ჩვეულებრივი პროცესია" - აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, როდესაც პროექტი დიდია და მითუმეტეს, ეს არის ჰიდროსადგური, რომელიც არ არის ერთი კონკრეტული შენობა - ეს არის ნაგებობა, სადაც არის ტურბინები, ეს არის რამდენიმეკილომეტრიანი სადერივაციო, ე,წ, გვირაბი, არხი, რომლის გარეშეც ჰესი ვერ იმუშავებს და ეს არის წყალსაცავი.
„მაგალითად, ნამახვანის წყალსაცავის სარკე არის 530 ჰა - ეს ენგურთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია, მაგრამ საკმაოდ დიდია, და ცხადია, დიდ პროექტს დიდი მიწა ესაჭიროება. მაგალითად, ავიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც არ არის ენერგეტიკული ობიექტი, მაგრამ მაგრამ ამ ნაწილში შეიძლება შევადაროთ - კონსორციუმს 500 ჰა მიწა უკვე გადაცემული ჰქონდა გრძელვადიანი სარგებლობით და რომ არ ჩაშლილიყო ეს პროექტი, კიდევ 700 ჰა გვქონდა გამზადებული გადასაცემად. შესაბამისად, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ინვესტორი ხომ „ვერ მოიკიდებს ამ მიწას კისერზე", ან „გამოაძრობს" კაშხლის ქვემოდან?"- აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე მაგალითად მოიყვანა კომპანია „ენერგო პროს" კუთვნილი აქტივები იმავე რიონის ხეობაში.
„მოდით, გავაყოლოთ თვალი რიონის ხეობას და ვნახოთ, რაიმე ისეთი უნიკალური, ექსტრაორდინალური არის თუ არა „ნამახვანის" ხელშეკრულებაში? მაგალითად, იგივე ჩეხური კომპანია „ენერგო პრო" უდიდეს მიწას და აქტივებს ფლობს ხეობაში და რა მერე? 6500 ქართველ ადამიანს ასაქმებს „ენერგო პრო" და აკეთებს ქართულ საქმეს. ეს არის საბაზრო ეკონომიკის ანა-ბანა" - განაცხადა მინისტრმა.