„დაგეგმილია შეიქმნას დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი
ექსპერტებისგან და მათ შორის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის" მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები" -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს ექსპერტებთან და დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც „ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.
მინისტრის განცხადებით, ყველა ახალი ინიციატივა, რომელიც „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით მომზადდა, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს და ადგილობრივი მოსახლეობის, მათი ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებისა და ექსპერტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში.
„ნამახვანი ჰესი" არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.