500Georgia პროგრამის მონაწილე ორი სტარტაპი Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე
(Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი შემოვიდა და უკვე მეორედ აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 15 სტარტაპი შეარჩია. პროგრამის მეორე ეტაპისთვის ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, რომლებიც ინვესტორების წინაშე „დემო დღეზე“ წარსდგნენ.
მათგან ხუთმა კომპანიამ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაგრძო პროგრამა, ხოლო დამატებით ინვესტიციას და ფინალურ ეტაპზე ორი გამარჯვებული მიიღებს.
წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან: Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me 4 უცხოური კომპანიაა, მათ შორის ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან.
500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა.
2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2500–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით.