ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკური პროფილის მქონე გადაცემების ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მან განმარტა დამატებული ღირებულების გადასახადის ახალი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და შეამცირებს სადავო შემთხვევებს.
მისი თქმით, საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობა ევროპულ დირექტივას დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ.
,,რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2021 წლიდან, მასშტაბურია. ის ეხება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ ყველა დებულებას, რის გამოც ფაქტობრივად ყველა ეს საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. რეფორმის შედეგად საქართველოს დამატებული ღირებულების გადასახადის სისტემა გახდება ევროკავშირში მოქმედი დამატებული ღირებულების გადასახადის სისტემის მსგავსი, შედეგად, კი სავაჭრო ურთიერთობები ამ ორ სივრცეს შორის იქნება გაცილებით მარტივი და პროგნოზირებადი“, -აღნიშნა მამუკა ბარათაშვილმა.
მედიის წარმომადგენლებს, სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციები ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან ბაინდურაშვილმა წარუდგინეს.