საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-მა უცვლელად დატოვა საქართველოს
სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე - როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად გლობალური გაურკვევლობისა, პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისისა და იმ სირთულეებისა, რაც, საქართველოსაც წილად ხვდა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ჩვენი მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები მათ აძლევთ შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი, ბიზნესის გარემოს მიმზიდველობის ხარისხი და მიუხედავად პანდემიისა, უცვლელი დატოვონ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი.
ამასთან, ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი დაუქვეითდა, რაც გასაგებია გლობალური პანდემიის ფონზე. თუმცა, საქართველო ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა.
„Fitch"-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი - წელს ვარაუდობენ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნიშანდობლივია, რომ 2022 წლისთვის „Fitch"-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ზოგიერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და მომავალ წელს 5.8%-ს, ანუ თითქმის 6%-იან ზრდას ვარაუდობენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი აღნიშნავენ დიდი სანდოობის ხარისხს ჩვენთან მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მიმართ, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლება ატარებს გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომელიც ამცირებს ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობას და მგრძნობელობას გარე შოკების მიმართ და ეკონომიკა დადებითად განვითარდება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავამ ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სააგენტოს შეფასების იმ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ შოკებთან მიმართებაშია. მისი თქმით, „Fitch"-ის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ფაქტი, როცა საპარლამენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ, მათ მყარ საფუძველს აძლევთ, რომ ჩვენთან რეფორმები უწყვეტად გაგრძელდება, ბიზნესგარემო კვლავაც კეთილსაიმედო და მიმზიდველი დარჩება.
„ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მათ შესაძლებლობა მისცათ, ჩვენი რეიტინგი უცვლელად დაეტოვებინათ. რასაკვირველია, ეს პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ გლობალური ინვესტორები, ვინც ახლა, პოსტპანდემიურ პერიოდში ეძებენ ახალ ბაზრებს, რათა განავითარონ თავისი ბიზნესი, საქართველოს ჩათვლიან კვლავაც ერთ-ერთ საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც ძალიან დიდი ალბათობით გადაწყვეტენ ახალი ინვესტიციების განხორციელებას. ეს არის შედეგი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, ეს არის შედეგი იმ ნდობის ხარისხისა, რასაც ჩვენს მიმართ ავლენენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძოდ, სავალუტო ფონდი და ეს ცალკეა აღნიშნული ამ ანგარიშში. ის წარმატება, რომლითაც მიმდინარეობს სავალუტო ფონდთან ჩვენი ერთობლივი პროგრამა, და ეს კურსი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, აქედან გამომდინარე, მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტია, რომელიც აისახება მზარდ ეკონომიკურ აქტივობაში და ახალ ინვესტიციებში", - აღნიშნა მინისტრმა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მმართველობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივე აღემატება „BB" კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებლებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის EFF პროგრამის ერთგულება ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმების პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება, რაც ნათლად დადასტურდა პროგრამის მე-7 შეფასებითაც და აღნიშნული ნათლად მიანიშნებს მთავრობის მზაობაზე, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.