კომპანია „სილქნეტმა“ უსადენო ქსელის სადგურების მონტაჟი დაასრულა. როგორც „ნიუსპრესს“ „სილქნეტიდან“ აცნობეს, აღნიშნული კომპანიას საშუალებას
მისცემს, ახალ ზონებს მოემსახუროს ბათუმში, ქობულეთში, ოზურგეთსა და თბილისის ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის, გამარჯვებაში, მარტყოფში, ნორიოში, სართიჭალასა და კოჯორში.
კომპანია აღნიშნული ქსელით მომხმარებელს ორ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს - უსადენო სახლის ტელეფონს და მობილურ კავშირს S1 -ინდექსით 570.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისების უპირატესობა უფასო შიდა ქსელია. მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც ყოველთვიური სააბონენტო შეთავაზებით, ისე სპეციალური შეთავაზებებით, რომელიც სააბონენტო გადასახადს არ ითვალისწინებს.
უსადენო ქსელის აპარატების შეძენა ქვეყნის მასშტაბით „სილქნეტის“ სერვის-ცენტრებშია შესაძლებელი, სადაც 20 და 38 ლარიანი სახლის უსადენო ტელეფონის აპარატებია წარმოდგენილი. ასევე, აღნიშნულ სერვის-ცენტრებში მომხმარებელს მობილურ ქსელში ჩართული ტელეფონის ყიდვაც შეუძლია, რომლის ფასი 28 ლარიდან იწყება.

















