„ქართუ ბანკმა“ ბანკის ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა შეზღუდა.
ამის შესახებ „ქართუ ბანკი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს გაუგზავნა წერილი - 15 სექტემბრიდან ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი საგადახდო ბარათებით ოპერაციების განხორციელებისას ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის წაკითხვისა და შენახვის უზრუნველყოფის შესახებ.
განცხადების თანახმად, ბანკი „ქართუს“ საპროცესინგო ცენტრის საბარათო ბიზნესის მუშაობა დაფუძნებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის ACI Worldwide Ltd.-ის პროგრამულ უზრნველყოფაზე, რომლის მოქმედი ვერსია არ ითვალისწინებს საპროცესინგო ცენტრის ქსელში ჩართულ ბანკომატებსა და ტერმინალებში გამოყენებული უცხოური ბარათების საიდენტიფიკაციო მონაცემების - კლიენტის სახელის და გვარის რეგისტრაციას.
„ქართუ ბანკში“ აღნიშნავენ იმასაც, რომ ბანკის მიერ გამოყენებული ბარათების პროცესინგის პლატფორმა - BASE 24 - არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, მაღალდაცული და მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც შექმნილია საერთაშორისო საგადახდო სისტემების სტანდარტების შესაბამისად და რისკ მენეჯმენტის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.
„ბანკი „ქართუ“-ს საპროცესინგო ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ინტერნეტული ტრანზაქციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავის მომხმარებელს სთავაზობს ერთჯერადი დინამიური პაროლის გამოყენებას. ბუნებრივია, რომ იგი არ ითვალისწინებს ნაკლებადმნიშვნელოვანი, პროცესინგისთვის მეორეხარისხოვანი ინფორმაციის წაკითხვასა და მით უფრო - შენახვას. ამდენად, ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და ინსტრუქციების შეუსრულებლობით განპირობებული ნებისმიერი სანქციების თავიდან აცილების მიზნით, სს ბანკი „ქართუ“ იძულებული გახდა 15 სექტემბრიდან გაეთიშა ბანკის ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბანკი „ქართუს“ მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე.
ბანკი ბოდიშს უხდის საერთაშორისო ვიზა და მასტერქარდ ბარათების მფლობელებს დროებითი შეფერხებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის.

















