კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბანკო კრედიტებზე დღეს არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები შემცირდება.
როგორც ხადურმა დღეს „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე აღნიშნა, კოალიცია განსაკუთრებით შეუწყობს ხელს საბანკო სექტორში კონკურენციის დანერგვას. მისი თქმით, სახელმწიფოს ჩარევა საბანკო სექტორში მინიმიზებული იქნება, რათა თავად სექტორის განვითარებას ხელი არ შეეშალოს, თუმცა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ევროპულს გაუტოლდება.
„ქართული ოცნება“ თავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებად ასევე საკუთრების უფლების სამართლებრივი დაცვის მყარი მექანიზმების შექმნას ასახელებს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმეს ღამის 12 საათზე ნოტარიუსი დაჭირდეს სახელმწიფოსთვის თავისი ქონების საჩუქებლად“-განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ ბიზნესის დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შემდეგ საქართველო, რომელიც დღეს „საინვესტიციო შიმშილს განიცდის“, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდება.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გამარტივდება საგადასახადო პროცედურები, სასამართლო კი - პროკურატურისა და საგადასახადო სამსახურის მიერ დაწერილ ინსტრუქციებს აღარ შეასრულებს.
„სახელმწიფო ბიზნესს არ უნდა უყურებდეს, როგორც პოტენციურ დამნაშავეს“-აღნიშნა მან.
ხადური აცხადებს, რომ დღეს საქართველოში კორუფცია „ყვავის“.
„ჩვენთან კორუფცია ესმით, როგორც ქრთამის აღება. რეალურად, კორუფცია ცოტა სხვა რამეა და ის ასევე, გულისხმობს თანამდებობის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის“-განაცხადა მან.
ხადურის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კონკურენციის სააგენტოს შექმნის, რომელიც, დღევანდელისგან განსხვავებით, რეალურად დამოუკიდებელი იქნება. მისივე განმარტებით, ყურადღება დაეთმოვა ანტომონოპოლიურ რეგულირებას, რომელიც ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებას დაეფუძნება.
ხადურმა „ქართული ოცნების“ საგადასახადო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესს კანონი დაიცავს და ის აღარ იქნება ვალდებული, „გასწიოს ქველმოქმედება და დააფინანსოს იმ ტიპის ღონისძებები, რასაც დღეს აფინანსებს“.
ხადური აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა 4-წლიან პერიოდზეა გათვლილი, თუმცა, მასში მოკლე და გრძელვადიანი ეფექტებიცაა გათვალიწინებული.
„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“, „ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის“, „ლიბერალური აკადემია- თბილისის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. ამავე პროექტის ფარგლებში ეკონომიკურ პროგრამას 24 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს.

















