„ქართული ოცნება“ თავისი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას მიიჩნევს.
ამის შესახებ კოალიციის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა დღეს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ბიზნესის ამოცანა არ არის გადასახადების გადახდა და ბიუჯეტის შევსება. ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს ვუყურებთ, როგორც სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების შესაძლებლობას“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ხელისუფლება დღემდე აცხადებდა, რომ ქვეყანაში 300 ათასი უმუშევარი იყო, დასაქმების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში 800 ათასი ადამიანია დაუსაქმებელი. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 40%-ია. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და სიღარიბის დასაძლევად სასწრაფოდ ადეკვატური ნაბიჯებია გადასადგმელი.
გარდა ამისა, ხადური აცხადებს, რომ კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საშემოსავლო სისტემაში დაუბეგრავი მინიმუმის აღდენას გეგმავს, რომელიც საარსებო მინიმუმის მოცულობის იქნება.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, ხადურის თქმით, მისი ოდენობა თავიდან უნდა განისაზღვროს, ვინაიდან 150 ლარი, რომელიც დღეს საარსებო მინიმუმადაა დადგენილი, ადამიანის ფიზიკური არსებობისთვის საკმარისი არ არის.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ ბიზნესისთვის საგადასახადო წნეხის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. ხადური აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმება ბიზნესის გასაკოტრებლად არ უნდა გამოიყენებოდეს.
კოალიციის ეკონომიკურ პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ტარიფების თემას უკავია. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუქმდება „უნიკალური ქართული გამოგონება“ - დენის და დასუფთავების გადასახადის მიბმა, ასევე, გადაიხედება ელექტროენერგიის, გაზის და წყლის საკმაოდ მაღალი ტარიფები.
„ქართული ოცნება“ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის საბაზისო პაკეტის აუცილებლობაზეც საუბრობს. როგორც ხადურმა განმარტა, კოალიცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს დემოგრაფიულ პრობლემებს და უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სრულად დააფინანსებს.
კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა სოფლის მეურნეობის აღორძინება. როგორც ხადურმა განმარტა, დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში სავალალო მდგომარეობაა - მკვეთრად შემცირებულია ნათესი ფართობების მოცულობა, დაბალია მოსავლიანობა და მიწების ნაყოფიერება, ხოლო სოფლის მეურნეობის წარმოება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 20%-თაა შემცირებული. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის სფეროსთვის გამოყოფილი თანხა ბევრად ჩამორჩება მინისტრების მივლინებისთვის გამოყოფილ თანხებს.
ხადური აცხადებს, რომ კოალიცია სოფლის მეურნეობის სფეროსთვის 1 მლრდ-იანი ფონდის შექმნას გეგმავს.

















