კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ კოალიციის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ემყარება.
ეკონომიკის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები ნოდარ ხადურმა საზოგადოებას დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააცნო.
მისი თქმით, განვითარების გრძელვადიანი პროცესის უზრუნველსაყოფად საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკა მდგრადი განვითარების მოდელს დაეფუძნოს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნა, ასევე ხელი შეუწყოს თანამედროვე და მოქნილი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელზეც ყველა ეკონომიკურ სუბიექტს თანაბრად მიუწვდება ხელი.
„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განვითარების ერთადერთი ინდიკატორია. მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა არამხოლოდ მშპ-ს, არამედ კეთილდღეობის მაჩვენებლით ინტერსედება - რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა საბინაო პირობებით, შემოსავლების დონით, სამსახურით, განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხით და მმართველობის ეფექტიანობით“- განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელებს პოლიტიკას, რომლის შედეგადაც საჯარო ფინანსების მართვაში დამკვიდრდება გამჭვირვალეობის სტანდარტები, გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რაც უზრუნველყოფს შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შემოსავალს, ასევე, სასურსათო უსაფრთხოებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდება უმუშევრობის შემცირება, სიღარიბის დაძლევა და სოციალური ფონის გაუმჯობესება.
„ბაზარი გათავისუფლდება ხელოვნური მონოპოლიებისგან, მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადი მიზნობრივად და გამჭვირვალედ დაიხარჯება“- განაცხადა ხადურმა.

















