სასოფლო-სამეურნეო შეღავათიანი სესხები, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირდება, ხშირ
შემთხვევაში, უპროცენტოდ გაიცემა.
ამის შესახებ ივანიშვილმა წინასაარჩევნო პროექტის „ხაზზეა საქართველო“-ს ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სესხების ხანგრძლივობა 10 წელი და მეტი იქნება.
„ისინი, ვინც გადაწყვეტენ, რომ წვრილ გლეხურ მეურნეობას გაყვნენ, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან უფასოდ მიწის ხვნა-თესვით, სახელმწიფო დაეხმარება მათ ბაზრების მოძიებასა და პროდუქციის გასაღებაში. ასევე, ვუზრუნველყოფთ ხარისხინი სათესლე მასალით, უფასო სასუქით და ა.შ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარ წარმატებულ პროექტად მან საგურამოსთან არსებული საშენი მეურნეობები დაასახელა, საიდანაც ნერგები და თესლები მოსახლეობას ურიგდება.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნული პროცესის მთელ ქვეყანაზე გავრცელება კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ის ჯერ კიდევ 2003 წელს სთავაზობდა სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მლრდ-იანი ფონდის შექმნას.