„გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს
სხდომის თბილისში გამართვა არის ძალიან ძლიერი გზავნილი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იმიტომ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო გამკლავებოდა კოვიდ პანდემიას და, შესაბამისად, არის უსაფრთხო ქვეყანა იმისთვის, რომ უმასპინძლოს ტურიზმს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის საქართველოს დედაქალაქში გამართვასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა პოტენციალი აქვს საქართველოს, რათა იყოს უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისათვის.
„აქვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს და მთლიანად აღმასრულებელ საბჭოს იმისთვის, რომ გადაწყვიტეს ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება. ფაქტობრივად დღეს განიხილება მსოფლიო გამოწვევები, რომლებიც არსებობს ტურიზმის სექტორში და არა მარტო ტურიზმის სექტორში - როგორ შეიძლება ეს იყოს ქცეული ჯამში შესაძლებლობებად, რა შესაძლებლობები შეიძლება ამ ყველაფერში დავინახოთ და საქართველოს რა პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით რომ განვითარდეს. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი კი ნამდვილად დიდია და დღევანდელი დღეც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად შევძელით გავმკლავებოდით არსებულ გამოწვევას რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას და, შესაბამისად, ვყოფილიყავით უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

















