საქართველოს საპარტნიორო ფონდში შემავალი შპს "თბილისის ლოგისტიკის ცენტრი" გაჩიანში (ქვემო ქართლი) სამაცივრე მეურნეობის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მომდევნო კვირაში დაიწყებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "ნალი და კომპანია" განახორციელებს.
"ნიუსპრესს" ფონდის საინვესტიციო ოფიცერმა კახა ხიზანიშვილმა განუცხადა, რომ უშუალოდ მშენებლობის პროცესი აპრილში დაიწყება და სექტემბერში დასრულდება.
როგორც ხიზანიშვილი განმარტავს, გაჩიანში სამაცივრე მეურნეობა 3.5 ჰექტარი მიწის ფართობზე აშენდება, რაშიც სავარაუდოდ, 7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამაცივრე მეურნეობაში 4 700 ტონის ხილ-ბოსტენეულის დასაწყობება იქნება შესაძლებელი.
ფონდის თანამონაწილეობა პროექტში დაახლოებით 25-40%-ის ფარგლებაში მერყეობს. დანარჩენი კაპიტალი კი, სავარაუდოდ, თურქული იქნება.
სააქციო საზოგადოება "საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფომ 2011 წლის 28 ივნისს დააფუძნა. ფონდის ძირითადი მიზანი იმ პროექტების დაფინანსებაა, რომელიც კერძო სექტორმა ვერ განახორციელა.

















