„თიბისი ბანკის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში ლიტვურმა კომპანია „Audrius Ambrasas Architects“-მა გაიმარჯვა.
ბანკის ახალი სათავო ოფისის შენობის რეკონსტრუქცია სწორედ ლიტვური კომპანიის მიერ შექმნილი პროექტის შესაბამისად განხორციელდება.
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დღეს „თიბისი ბანკის“ მომავალი სათავო ოფისის ეზოში შედგა, სადაც ფულადი პრიზები მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორებსაც გადასცეს.
მეორე ადგილის მფლობელი კომპანია „Architects of Invention“ გახდა, ხოლო მესამე ადგილი კომპანია „Dmark“-მა და გიორგი ხმალაძემ გაინაწილეს.
ჟიურის თავმჯდომარის იტალიელი არქიტექტორის პიპო ჩორას თქმით, კონკურსში წარმოდგენილი ყველა პროექტი იმდენად საინტერესო იყო, რომ ჟიურის მესამე ადგილის გაყოფა მოუწია.
მეორე ადგილის მფლობელს „თიბისი ბანკისგან“ საჩუქრად 30 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები 10-10 ათასი ლარით დაჯილდოვდნენ.
„თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისი ვაკე-საბურთალოს გზაზე, ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის შენობაში განთავსდება, რომელიც ბანკმა 6 თვის წინ ტენდერის საშუალებით შეიძინა და ოფისის პროექტის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული კომპანიები მონაწილეობდნენ.

















