„თიბისი ბანკი“ ხვალ ახალი სათავო ოფისის პროექტების გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, გამარჯვებული პროექტის ავტორს „თიბისი ბანკი“ 50 000 ლარით დაასაჩუქრებს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტების ავტორები 30 000 და 20 000 ლარს მიიღებენ.
„თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისი ვაკე-საბურთალოს გზაზე, ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის შენობაში განთავსდება, რომელსაც რეკონსტრუქცია გამარჯვებული პროექტის შესაბამისად ჩაუტარდება.
შენობა „თიბისი ბანკმა“ 6 თვის წინ ტენდერის საშუალებით შეიძინა, რის შემდეგაც ოფისის პროექტის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული კომპანიები მონაწილეობდნენ, მათ შორის, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლანდიიდან და იტალიიდან. კონკურსს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი პიპო ჩორა ხელმძღვანელობდა.

















