„Danfoss“ - ი ცნობილი და ტრადიციული კომპანიაა. მას შემდეგ, რაც კომპანიაში შეიტყეს, რომ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკულ რეფორმას და მიღებულია
კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, სურვილი გამოხატეს, უახლოეს მომავალში თავისი წარმომადგენლები გამოაგზავნონ და ინვესტიციის განხორციელებისა და წარმოების გადმოტანაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დააფინანსონ ტრენინგები ქართველი ინჟინრებისთვის. აღნიშნული კადრები მომავალში შესაძლოა, "Dანფოსს" - ის საწარმოში დასაქმდნენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ დანიურ კომპანია „Danfoss“ - სის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ-შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინისტრის განცხადებით, დანიური კორპორაციის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივიან და ადგილზე გაეცნობიან ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს, თუმცა მანამდე „Danfoss“ - ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ინჟინრებს გადაამზადებს. საინჟინრო კადრების მომზადება - გადამზადების პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო სტაჟირება დანიური კომპანიის „Danfoss“ - ის საწარმოებში გაიარონ.

















