ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების
საერთაშორისო ქსელმა" (OECD/INFE) მოსახლეობის ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები წარადგინა.
კვლევა გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია OECD/INFE-ის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა და მასში 26 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც, მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მოსახლეობის ფინანსური განათლების საერთო დონე შეფასდა, რაც, თავის მხრივ, 3 კომპონენტის - ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების - ელემენტების შედეგებს ეფუძნება. კვლევა ისეთ საკითხებსაც მოიცავდა, როგორებიცაა მოსახლეობის ფინანსური ჩართულობა, ფინანსური სტაბილურობა და ფინანსური კეთილდღეობა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს OECD/INFE-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ვებინარზე გაიმართა, რომელსაც კვლევაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც ფინანსური განათლების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში გატარებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა.
"ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა მეტად ორგანიზებული და სისტემატური ხასიათი 2016 წლიდან მიიღო. კერძოდ, შევიმუშავეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და დავიწყეთ მისი დანერგვა. თუმცა, კვლევის მონაცემები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიუხედავად ცოდნის კომპონენტში გამოვლენილი მაღალი შედეგებისა, ქცევებისა და დამოკიდებულებების ცვლილებისთვის სამწლიანი პერიოდი საკმარისი ნამდვილად არ არის, ფინანსური განათლების დონის ზრდა ხანგრძლივი და მუდმივი პროცესია. ამასთან, მნიშვნელოვანია მსგავსი კვლევების პერიოდული ჩატარება, რამდენადაც ის გვეხმარება ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვაში", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს მსგავსი ტიპის კვლევების პერიოდულად ჩატარების აუცილებლობასა და მათი შედეგების ანალიზის მნიშვნელობაზე.
2019 წლის გლობალური კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ ფინანსური განათლების მიმართულებით შესაძლო 21 ქულიდან 12,1 ქულა (57,6%) აჩვენა.
ცალკეული კომპონენტების მიხედვით კი ფინანსური განათლების საკითხებში საქართველოს მოსახლეობამ 7 შესაძლო ქულიდან 4,5 ქულიანი (62,5%), ქცევებში 9-დან 5,1 ქულიანი (56,3%), ხოლო დამოკიდებულებებში 5-დან 2,5 ქულიანი (50%) შედეგი აჩვენა.
ცონდის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა ქვეყნის საშუალოზე მაღალია და 11 ქვეყანას უსწრებს. ცოდნის კომპონენტების შედეგებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას უკეთ ესმის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი სარგებლის (89%), რისკისა და უკუგების (79%), ინფლაციის (88%) არსი, ხოლო რისკის დივერსიფიკაციის (54%) საკითხებში ცოდნის საშუალო დონე აქვს. ამასთან, უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა (44%), რთული პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო ორივე ტიპის პროცენტი სწორად მხოლოდ მოსახლეობის 24%-ს ესმის.

















