„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ახალი თაობის უკონტაქტო საბანკო ბარათს – Express Card-ს სთავაზობს.
როგორც ბანკში განმარტავენ, Express Card სრულიად ახლებური სადებეტო ბარათია, რომელიც ერთდროულად ასრულებს საბანკო და სატრანსპორტო ბარათის ფუნქციას, ასევე, მას აქვს ქულების დაგროვების საკუთარი სისტემაც Express Bonus.
ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, Express Card-ი პირველი ბარათია ქართულ ბაზარზე, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიხადოს, დააგროვოს და იმგზავროს - მხოლოდ ერთი შეხებით, Express Pay საგადახდო სისტემის მეშვეობით.
Express Card-ით მხოლოდ ერთი შეხებითაა შესაძლებელი სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენა სავაჭრო-მომსახურების ობიექტებში და ასევე, მგზავრობის საფასურის გადახდაც თბილისის მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროზე.
Express Card-ით PIN კოდის აკრეფის გარეშე, ანუ ერთი შეხებით, გადახდა შესაძლებელია 20 ლარამდე ღირებულების ნივთის ან მომსახურების შეძენისას. მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტი ღირებულების მომსახურების ან საქონლის შეძენისას, საჭიროა ბარათის PIN კოდი.
ბარათით ნებისმიერი საბანკო ოპერაციის ჩატარებისას (ტრანსპორტში გადახდის გარდა), მომხმარებელს ავტომატურად დაერიცხება 10 Express ქულა, რომლის გადაცვლაც შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობაზე. დარიცხული ქულების გადაცვლა უფასო მგზავრობაზე და ქულების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია Express Pay-ს გადახდების აპარატებისა და საქართველოს ბანკის ბანკომატების მეშვეობით. Express Card-ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, აგრეთვე Express Pay გადახდების აპარატით, ინტერნეტბანკითა და მობილბანკით.
Express Card-ის ანგარიში იხსნება ოთხ ვალუტაში, ლარი, აშშ დოლარი, ევრო და გირვანქა სტერლინგი, ბარათის ვადა 4 წელია, Express Card-ით სარგებლობა შეუძლია ყველას, მიუხედავად იმისა, ერიცხება თუ არა ხელფასი საქართველოს ბანკში ან ნებისმიერ სხვა ბანკში.

















