საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაბილეთების ფასი დაუშვებლად მაღალია.
ამის შესახებ მან ახალი ასაფრენი ბილიკის გახნისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად „ტავ ჯორჯიასთან“ აქტიური თანამშრომლობისა, ბილეთები მაინც ძვირია.
მისი თქმით, არ შეიძლება რომ ბილეთი კიევის მიმართულებით $600 ღირდეს.
პრეზიდენტის თქმით, ბილეთებზე დაბალი ფასი საქართველოში ტურისტების რაოდენობას მკვეთრად გაზრდის.
„წელს საქართველოში შემოვიდა 4 მლნ 200 ათასი ტურისტი. მომავალ წელს კი, ბევრად მეტი გვეყოლება. ვიღაც იტყვის, რომ ყველაფერი უცხოელებისთვის კეთდება, თუმცა, ეს უცხოელები რომ ჩამოდიან ფულს აქვე ხარჯავენ. სწორედ ამის საშუალებით გამოვძვერით ღვინის ემბარგოდან“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა ფასების ლიბერალიზაცია, რათა ტარიფებმა დაიწიოს და მგზავრთა რაოდენობა გაიზარდოს.
„საქართველოს მოქალაქეებმაც უნდა იფრინონ ყველა მიმართულებით. ბილეთები ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა იგრძნოს“- განაცხადა სააკაშვილმა.

















