ევროკავშირის მხარდაჭერის 2012 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველო ევროკომისიისგან 60 მლნ.
ევროს მიიღებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს მოდერნიზებას და ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების პროცესში ჩართული ინსტიტუტების გაუმჯობესებას მოხმარდება.
პროგრამის პირველი ნაწილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რომელიც უშუალოდ მცირე ფერმერთა გაერთიანებებზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, აღნიშნული თანხები კერძო ფერმერთა გაერთიანებების მხარდაჭერას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას მოხმარდება.
პროგრამის მეორე ნაწილი ითვალისწინებს საქართველოში ინსტიტუციონალური რეფორმების ხელშეწყობასა და იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის მომზადებისა და განხორციელების პროცესში არიან ჩართულნი. ეს კი რეკომენდაციების გაზიარებას და მხარდაჭერის უზრუნველყოფას გულისხმობს იმ უწყებებისათვის, რომლებიც მოლაპარაკებებს კოორდინაციას უწევენ.
აღნიშნული პროგრამა ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ლაბორატორიებით აღჭურვას ითვალისწინებს.

















