ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის მშენებლობა დასრულდა.
ახალ ასაფრენ ზოლზე დღეს პირველი, მსოფლიო კლასის სატვირთო ბოინგი დაეშვა.
როგორც ასაფრენი ბილიკის პრეზენტაციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ აღნიშნა, 27 სექტემბრისთვის აეროპორტი სამოქალაქო ავიარეისების მისაღებადაც იქნება მზად. მისი ოფიციალურად გახსნა სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი.
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ რეისს ავიაკომპანია „ვიზ ეარი“ შეასრულებს.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, სექტემბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები კიევის მიმართულებით დაიწყება, ხოლო გაზაფხულიდან რეისები ბელგიისა და გერმანიის მიმართულებითაც განხორციელდება.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა კომპანია „იუნი სტუდიოს“ დიზაინით მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოებს კი, რამდენიმე ქართული კომპანია ახორციელებს.

















