საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა
მინისტრს, ივანე მაჭავარიანს უსმენდნენ, განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა სწორი და კარგად გააზრებული ფინანსური და ეკონიმიკური პოლიტიკაა.
ქვარიამ ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსგან, არამედ მთლიანად ხელისუფლებისგან ელის სწრაფ წინსვლას.
„ლარის სტაბილური კურსი, ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი, სწორი და კარგად გააზრებული ფინანსური თუ ეკონომიკური პოლიტიკა, ეს არის გამოწვევები, რაც რეალურად არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რასთანაც მართლა კავშირშია ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსახლეობა ელის ჩვენგან სწრაფ წინსვლას, ელის პენსიების მატებას, ხელფასების მატებას, რაც არა მხოლოდ თქვენი სამინისტროს, ზოგადად ეკონომიკური და ფინანსური ბლოკის, ხელისუფლების გამოწვევა და მნიშვნელოვანი ამოცანაა, რისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მოტივირებულები და მონდომებულები“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მან ასევე ჰკითხა ივანე მაჭავარიანს, თუ რა გარანტიები არსებობს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
„მიუხედავად იმისა რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, დინამიკა დაგეგმილთან შედარებით უკეთესია, როგორ ფიქრობთ რამდენად მიღწევადია მომავალ წელს 5% იანი ეკონომიკური ზრდა? რა გარანტიები არსებობს ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად?“
მერაბ ქვარაია ასევე დაინტერესდა, თუ არის პროგრესი ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.

















