გუდაურში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „გუდაურის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ გრძელიძემ განუცხადა, რეაბილიტაციის პროექტი სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება, ესენია - კურორტზე არსებული კერძო სახლების, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური წყალსადენის აღდგენა-შეკეთება და გუდაურსა და დაბა კუმლისციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია.
გრძელიძის განმარტებით, სამუშაოების შედეგად კურორტის იერსახეც შეიცვლება.
„პროექტის ფარგლებში ყველა კერძო სახლისა და სასტუმროს ფასადს თბოიზოლაციის მასალებით გავაკეთებთ, ასევე, ყველა შენობას გადავხურავთ“-აღნიშნა გრძელიძემ.
მისივე თქმით, სარეაბილტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გუდაურში სასმელი წყლის ტრადიციული პრობლემა მოგვარდება. ამ მიზნით კი, გარდა წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციისა, ჯვრის უღელტეხილიდან ახალი წყალსადენი გაკეთდება, რომელიც კურორტის წყალმომარაგებას უზრნველყოფს.
რაც შეეხება უგზოობის პრობლემას, გრძელიძე აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში 2,5 კმ-ის სიგრძის შიდა გზებზე ასფალტის საფარი დაიგება, გაკეთდება სანიაღვრე სისტემებიც.
სარეაბილიტაციო პროექტის დასრულება 15 ნოემბრისთვის იგეგმება.
„როგორც წესი, გუდაურში სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იხსნება, მაგრამ ჩვენ თადარიგს ვიჭერთ და სამუშაოების დასრულებას ერთი თვით ადრე ვგეგმავთ“-აღნიშნა მან.
გრძელიძის თქმით, წელს „გუდაურის განვითარების ფონდის“ ბიუჯეტი 9 მლნ ლარს შეადგენს და ამ თანხის ძირითადი ნაწილი აღნიშნული სამუშაოებისკენ მიემართება.
„გუდაურის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე განახლებულ კურორტზე დამსვენებლების რაოდენობის მატებასაც ვარაუდობს. გრძელიძის თქმით, შარშან გუდაურმა 175 ათას ტურისტს უმასპინძლა, 2010 წელს კი, კურორტზე მხოლოდ 95 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა.
„ვგეგმავთ, რომ წელს ტურისტების 200-ათასიან ზღვარს გადავაბიჯოთ“-აღნიშნა გრძელიძემ.

















