საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ეს არ არის თვითმიზანი, ან პანაცეა, ეს არის ძალიან მკაფიო ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი კერძო სექტორი, დასაქმების, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების და შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში სიღარიბის გადაჭრის საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს პირდაპირ ეხმაურება ქვეყანაში ადამიანზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.
ბექა ლილუაშვილმა ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციები შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემო უწყვეტად და მდგრადად ვითარდება.
„რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა კომპონენტისგან, დაწყებული ბიზნესის რეგისტრაციით, დამთავრებული გადახდისუნარიანობის პროცედურებით. ძირითადი არსი არის ის, რომ ქვეყანაში შეფასდეს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციური განვითარებისა და პროცედურების ეფექტიანობის დონე და ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს, კერძოდ, 190 ქვეყანას შორის, საქართველო მე-7 ადგილზეა და მეტიც, 10 სხვადასხვა კომპონენტიდან სამის მიხედვით, პირველ ათეულში ვართ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა და განმარტა, რომ საუბარია ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო დროსა და პროცედურებზე, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურებზე, ინსტიტუციურ ჩარჩოსა და ე.წ მინორიტარული, მცირე წილის მქონე აქციონერების უფლებების დაცვის ნაწილზე.

















