პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და ამავე
კომიტეტის წევრი, ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, ოთარ დანელიამ, ქართული ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნის ზრდასა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია ახალი კულტურების გაშენების ხელშეწყობა და დამატებითი სტიმულირება. ქართული ზეთისხილის წარმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საქართველოში არსებული კლიმატური და ნიადაგური პირობები ხელსაყრელია აღნიშნული კულტურის მოსაყვანად, შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია დაიწყოს ზეთისხილის ინდუსტრიაში ოპერირება“-აცხადებს ოთარ დანელია.
შეხვედრაზე მხარეებმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიის ჩატარებაზე ისაუბრეს, რომელიც მომავალ წელს არის ჩანიშნული.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს, მადრიდში დაარსდა და გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს წარმოადგენდა.
ორგანიზაციის მიზანი არა მხოლოდ ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერა, არამედ კვლევა, გადამზადება და ტექნოლოგიების გავრცელებაა.
შეხვედრას საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი სვანიძე ესწრებოდა.

















