„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ პროკურატურა საქართველოსა და უცხოეთის ნებისმიერი მოქალაქის
მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას აკონტროლებს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნულის პრეცედენტი დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა, როდესაც მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გელა გელაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. გელაშვილი ითხოვდა, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატების მეშვეობით უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათების გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
მოთხოვნის საფუძვლად დასახელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრული სისხლის სამართლის საქმე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
აფბა აცხადებს, რომ ერთი კონკრეტული საქმე ტოტალური უკანონო კონტროლის საფუძვლად იქცა. ორგანიზაცია შიშობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა, შესაძლოა, პრეცედენტად იქცეს.
„ზოგადად, ის ფაქტი, რომ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, საბანკო საიდუმლოების, ინფორმაციის კონფიდენციალობის ხელყოფა ქართული სასამართლოს ერთი რიგითი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, ზიანს აყენებს როგორც საბანკო სექტორის სანდოობას და იმიჯს, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს“-აღნიშნავს აფბა.
ორგანიზაციის განმარტებით, პროკურატურის დაკვირვების ქვეშ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, უცხოელი ტურისტები და ნებისმიერი პირი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბანკომატით ახორციელებს ტრანზაქციას.
აფბას განცახდებით, განჩინების მიხედვით, ქართველ გამომძიებლებს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის პირადი საბანკო ტრანზაქციის ანუ ფულადი მიმოქცევის გადამოწმების საშუალება აქვთ. ამასთან, მათ მსოფლიოს წამყვანი ბანკების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების გადამოწმება მათთან შეთანხმების გარეშე შეუძლით.
„აფბა“ საქართველოს ბანკების ასოციაციას და ქართულ კომერციულ ბანკებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და დაიცვან როგორც საკუთარი, ისე მთლიანად საბანკო სექტორის სანდოობა და იმიჯი.

















