ავიაკომპანიებისა და მგზავრების ურთიერთობებს „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, რეისის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის
კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ დაარეგულირებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, ავიაგადამზიდავი ვალდებულია მიაწოდოს მგზავრს ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე და შესთავაზოს მას ფრენის შეცვლის მისთვის მისაღები ვარიანტები.
აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მან მგზავრს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
კომპენსაცია თანხა განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: 250,00 ევრო – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას; 400,00 ევრო – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას; 600 ევრო – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.
ამასთან, ავიაგადამზიდავს უფლება აქვს კომპენსაციის ოდენობა 50%-ით შეამციროს იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრს შესთავაზებს ფრენას ალტერნატიული მარშრუტით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე და ჩაფრენის დრო არ აღემატება ბილეთში მითითებულ ჩაფრენის დროს ორი საათით – 1500 კილომეტრამდე მანძილზე; სამი საათით – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე; ოთხი საათით – 3500-ზე მეტ მანძილზე.
ავიაგადამზიდს კომპენსაციის გადახდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შეუძლია.
ამასთან, ავიაგადამზიდს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ფრენის გაუქმება გამოწვეულია განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია საჭირო ზომების მიღების მიუხედავად.
აღნიშნული წესები ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.

















