2011 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 117 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა, რაც 14 პროცენტით აღემატება 2011 წლის წინასწარ, ხოლო 37 პროცენტით - 2010 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლის 30% რეინვესტიციაზე მოდის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 65 ქვეყნიდან შემოვიდა. ამ მაჩვენებელმა 2010 წელს 61, ხოლო 2009 წელს - 60 ქვეყანა შეადგინა.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები არიან ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, დანია, თურქეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ვირჯინიის კუნძულები.
ამასთან, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმეტესად ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და მთლიანი ინვესტიციების 18% შეადგინა. მას მოჰყვება საფინანსო სექტორი -15%, კონსულტირება -12%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -11 %, დამამუშავებელი მრეწველობა-11 %, უძრავი ქონება - 8 %, მშენებლობა - 4 % და სხვა.
2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა მშპ-ში 7.8% შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია.

















