საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ენერგეტიკისა და ფინანსთა ახალი მინისტრები თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
მერაბიშვილმა თავდაპირველად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ვახტანგ ბალავაძე წარადგინა. მან მინისტრს წარმატეტები უსურვა და ალექსანდრე ხეთაგურს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ხეთაგურმა საქართველოში ენერგოუსფრთხოება უზრუნველყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით ენერგობლოკადაში, ვაწარმოებდით ფიზიკურ ომს და ჩვენს წინააღმდეგ მომართული იყო ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი შეფერხება ენერგეტიკული თვალსაზრისით, აქვთ გაზის სტაბილური მიწოდება. ის არის ყველაზე წარმატებული მინისტრი და მინდა სათავეში ჩაუდგეს ყველაზე მნიშვნელოვან - ფინანსთა სამინისტროს“- განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ახალ მინისტრს ვახტანგ ბალავაძეს საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და ენერგეტიკის სამინისტროს წარმატებებს თითეულ მოქალაქემდე მიიტანს.
„სწორედ ახლა დადგა ეპოქა, როდესაც ტექნიკური სამინისტროდან ეს სამინისტრო უნდა გადაიქცეს საჯარო სამინისტროდ და ის მიღწევები, რაც ხეთაგურმა განახორციელა, თითოეულ მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ“- განაცხადა მერაბიშვილმა.

















