საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის დიმიტრი გვინდაძის ახალი თანამდებობა ორ დღეში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს ოზურგეთში განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებებზე ისაუბრა.
მერაბიშვილის თქმით, გვინდაძემ ფინანსთა სამინისტროში ბევრი კარგი საქმე გააკეთა როგორც შემოსავლების და საქართველოს რეიტინგების ზრდის თვალსაზრისით, ასევე, სტაბილური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბების კუთხით.
„მას ჩვენ ახალ, ძალიან საინტერესო თანამდებობას ვუმზადებთ, რომლის პრეზენტაციას თბილისში ორი დღის შემდეგ გავაკეთებ“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პრემიერის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრის პოსტი ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დაიკავა, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ბალავაძე უხელმძღვანელებს.

















