თბილისს ორდღიანი ვიზიტით, დღეს ოდესის მერი ალექსეი კოსტუსევი ბიზნესმენებთან ერთად ეწვევა.
უკრაინული დელეგაცია 73 წევრიანი შემადგენლობით ჩამოდის, საიდანაც ორმოცდაათამდე ბიზნესმენია. ისინი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, მსუბუქი მრეწველობის, ლოჯისტიკის, მშენებლობის, განათლების, მედიცინისა და სხვა სფეროებს წარმოადგენენ.
საქართველოში უკრაინელი ბიზნესმენების სტუმრობის მიზანი საქმიანი პარტნიორების მოძიებაა.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ხვალ ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, სადაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებები აწარმოონ.

















