საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი,
სან ფრანცისკოში (აშშ) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფარგლებში შექმნილი სან-ფრანცისკოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფორუმის ცენტრის მთავრობებთან ურთიერთობის მენეჯერს, მარკ კეინის, შეხვდა.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირებისა და საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიური მიმართულებების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა მარკ კეინის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც განათლების სექტორში დაფინანსების ზრდას გულისხმობს. განათლების სფეროსადმი საქართველოს მთავრობის ამგვარი დამოკიდებულება მარკ კეინიმ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი დამატებითი სტიმული გახდება ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, სან ფრანცისკოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცენტრის წარმომადგენლების ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

















