კომპანია „ატუ“, რომელსაც შპს „ბურჯის“ ფართი ჰქონდა დაქირავებული, „ბურჯის“ ქონების ახალ მფლობელთან, შპს გამასთან“ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ატუს“ იურისტმა მერაბ ბარბაქაძემ განუცხადა.
ბარბაქაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე „ატუს“ „ბურჯის“ ქონების ახალ მფლობელებთან ოფიციალური მოლაპარაკება ჯერ არ ჰქონია, თუმცა, ამის სურვილი აქვს.
„ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის გადავუხდით იჯარის ქირას. მართალია, „ბურჯი“ ჩვენი ძველი პარტნიორია, მაგრამ რას ვიზამთ“-განაცხადა ბარბაქაძემ.
შპს „გამამ“ ელექტრონულ აუქციონზე „ბურჯის“ ქონება 8 761 513 ლარად შეიძინა. როგორც „გამას“ დირექტორმა გიორგი ყავლაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ის მზადაა, ყველა კომპანიას, რომელსაც „ბურჯის“ ფართი ჰქონდა დაქირავებული, იჯარა გაუგრძელოს.
შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.

















