საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობით შენატანს გააკეთებს.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, საქართველო ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და ამ შენატანს მადლიერების ნიშნად აკეთებს.
„საქართველო ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება და გარკვეულ წევრ სახელმწიფოებს ეხმარება თავად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების რეკომენდაციების შესრულებაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭომ მუშაობა გააგრძელოს ორივე მიმართულებით. ერთი მხრივ, მონიტორინგის ორგანოების საშუალებით გამოავლინოს წევრი სახელმწიფოების ხარვეზები და მეორე მხრივ გააგრძელოს ამავე წევრი სახელმწიფოების დახმარება ამ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაში. ამ მხრივ სამოქმედო გეგმები უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, წევრ სახელმწიფოებს არ უნდა ჰქონდეთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევის ან საერთო ღირებულებების დაკნინების შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი.

















