ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. კომპეტენტური ჟიურის შემადგენლობა, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული, - ასეთია:
ნატალია ფიფია - 14 წელზე მეტია მუშაობს ტექნოლოგიისა და განვითარების თანხვედრის სფეროში, აქტიურად თანამშრომლობს სტარტაპებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად Capital City Venture-ის მმართველი დირექტორია. გეგმავს და მართავს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ინოვაციის, მეწარმეობისა და განათლების განვითარებას მსოფლიოს გარშემო.
კარმან ჩენი - აზიის ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერი ქალების ხუთეულს წარმოადგენს, დაარსებული აქვს საკუთარი ენჯელ ფონდი Click Ventures,
კომპანია წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა წამყვან საინვესტიციო
მმართველად, მისი ორი ფონდი შედის საწყისი ეტაპის დამფინანსებლების
მსოფლიოს ტოპ ხუთეულში. Click Ventures -ის მიმდინარე ფორტფოლიო 40-ზე
მეტ ინვესტიციას მოიცავს.
ტომას ჩელუჩი - სერიული მეწარმე, ექსპერტი პრაქტიკულ კომერციალიზაციაში, არის Bravatek Solutions, Inc.-ის, Dependable Critical Infrastructure, Inc.-ის, Cellucci Associates, Inc.-ის და DCI, Inc.-ის თავჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ასევე არის DarkPulse, Inc.-ის თანათავმჯდომარე, მდივანი და დირექტორი. ტომას ჩელუჩი ასევე არის The Security Industry Association and Network Centric Operations Industry Consortium, Inc.-ის საბჭოს წევრი და Union Core Technology Partners LLC-ის მმართველი პარტნიორი. აქვს ფართო კორპორაციული და ვენჩურული კაპიტალისტის გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში.
სედრიკ ლატესა - C.E.L Conseil-ის დამფუძნებელი, ორგანიზაცია ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას კორპორაციული ფინანსების საკითხებში. ლატესა 15 წელზე მეტია ჩართულია ვენჩურული კაპიტალის სფეროში, ფლობს მაგისტრის სამ ხარისხს, მათგან ორი არის Sciences Po Paris-ს ხარისხი ფინანსებში და ევროპის პოლიტიკაში.
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. აქვს მენეჯმენტისა და ფინანსების ფართო სპექტრის გამოცდილება, ასევე უმუშავია Booz & Company-ში, Abu Dhabi Group Georgia- სა და საქართველოს ბანკში. ბაჩიაშვილი ფლობს INSEAD-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესში.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 22 თებერვალს, საღამოს 7 საათზე გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 19 ნოემბერს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 135 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 40 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.

















