თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭო სასულიერო აკადემიის პედაგოგის,
გოჩა ბარნოვის შესახებ განცხადებას ასაჯაროვებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭომ აბსოლუტური უმრავლესობით თეოლოგ გოჩა ბარნოვის აკადემიიდან გათვისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.„მიმდინარე წლის 14 თებერვალს გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს სასულიერო აკადემიის პედაგოგის ბ-ნ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედია-სივრცეში გავრცელებული უკიდურესად ცილისმწამებლური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების შესახებ. მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დასწამა ცილი და მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, რექტორატს და პროფესორ-მასწავლებლებს.
აღნიშნულ განცხადებებში გამოვლინდა ქრისტიანული ეთიკის, აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესით და სხვა შიდანორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების დარღვევები:
1. ქრისტიანული ეთიკის ყველა ნორმის დარღვევას წარმოადგენს გოჩა ბარნოვის განცხადება იმის შესახებ, რომ წმინდა სინოდის წევრები „ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ“. ბარნოვი აფართოებს თავის ბრალდებას და ცილს სწამებს მთლიანად საქართველოს ეკლესიას, აბრალებს რა მას პრორუსულობას. აი, გოჩა ბარნოვის შესაბამისი სიტყვები: „საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს... მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია“. მან იგივე ცილისწამება დაადასტურა 11 თებერვალს გამართულ დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის სხდომაზე. ასევე ეთიკური ნორმების უხეში დარღვევაა გოჩა ბარნოვის შემდეგი სიტყვები: „ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს აღიარებას“. დაუშვებელია, რომ ნორმალურ ადამიანებად და საღ ჭკუაზე მყოფებად არ მიიჩნიო ეკლესიის იარარქები და, საზოგადოდ, განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერი პირი.
2. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამდებობრივი ინსტრუქცია − 8.7. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია პედაგოგის მოვალეობა, კერძოდ, „რექტორთან (პრორექტორთან) პრესასა და ელექტრონულ მედიაში გამოსაქვეყნებელ იმ პუბლიკაციათა შეთანხმება, რომლებიც სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოებრივ, კანონიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“. აღნიშნული ქვეპუნქტი დაირღვა გოჩა ბარნოვის უაღრესად შემაშფოთებელი და გამოთქმის ფორმით ყოველგვარ ზღვარს გადასული უტიფარი განცხადებით:
„თუ საქართველოს საპატრიარქო გადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერს რუსეთის ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, საქართველოს ეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც დედა ეკლესიის წიაღში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თანაზიარებაში დარჩებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს საშიშროება საქართველოს ეკლესიის გახლეჩისა; პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული, და მაშასადამე, დედა ეკლესიის წიაღში, მეორენი კი, მაშინ უკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიის ქართულ ფილიალად“.
3. გოჩა ბარნოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის 2018 წლის 14 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება − 3.1.15. პუნქტი, რომლის თანახმად, სასწავლებლის პედაგოგს ეკრძალება: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქმიანი რეპუტაციის, პრესტიჟის შემლახავი ცნობების რაიმე ფორმით გავრცელება“. აგრეთვე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესი − 8.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ სასწავლებლის თანამშრომელთათვის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს დასაქმებულის მიერ „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ან/და მისი თანამშრომლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი განურჩევლად იმისა, თსას-შია ჩადენილი თუ მის გარეთ“.
აღნიშნული პუნქტები დაირღვა გოჩა ბარნოვის შემდეგი განცხადებით:
„მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი. საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ“.
აღნიშნული განცხადება უკიდურეს შეურაცხყოფას აყენებს როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ისე მთელ საპატრიარქოს და თბილისის სასულიერო აკადემიის ყველა პედაგოგს, მაშინ როცა სინამდვილე რადიკალურად განსხვავებულია, ვინაიდან სწორედ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შუამდგომლობით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წლების განმავლობაში პერიოდულად იგზავნებოდნენ და იგზავნებიან აკადემია-სემინარიის წარჩინებული სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში მათ შორის, საბერძნეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუმინეთში. საგანგებოდ აღსანიშნია, რომ თავად გოჩა ბარნოვი საკუთრივ აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის პირადი ინიციატივით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე მისი უშუალო შუამდგომლობით სასწავლებლად გაგზავნილ იქნა საბერძნეთში. თვალსაჩინო რომ გახდეს აღნიშნული ბრალდების აბსოლუტური უსაფუძვლობა, წინამბდებარე განცხადებას ვურთავთ იმ სტუდენტების არასრულ სიას, შესაბამის ქვეყნებსა და ქალაქებზე მითითებით, რომლებიც სწორედ აკადემიის სახელით იქნენ გაგზავნილნი ევროპის სხვადასხვა სასწავლებელში“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, დაადგინა, გოჩა ბარნოვს შეუწყდეს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა „მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას (რაც დადასტურდა საბჭოს წევრთა ხელმოწერებით). აქვე აღვნიშნავთ, რომ საბჭოს სამმა წევრმა, დეკანოზმა, პროფესორმა მიქაელ გალდავამ, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა გრიგოლ ხაჭაპურიძემ და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა თეა ბეჟუაშვილმა, ერთი მხრივ, სრულად გაიზიარეს აკადემიის საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია, რომ გოჩა ბარნოვის ზერმოაღნიშნული განცხადებები შეურაცხმყოფელია და ცილისმწამებლური საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს, აკადემიის რექტორის და აკადემის სამეცნიერო საბჭოს მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, გამოთქვეს აზრი, რომ გოჩა ბარნოვისადმი დისციპლინური სახდელის ზომად გამოყენებული იყოს მხოლოდ უკანასკნელი საყვედური“.

















