ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს ტექნოპარკში საერთაშორისო გამოცდილების სამრეწველო დიზაინერთან, ზვიად ციკოლიასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. დიზაინერმა ისაუბრა თემაზე - როგორ შევქმნათ წარმატებული პროდუქტი.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ზვიად ციკოლიამ საზოგადოებას წარმატების საკუთარი ისტორია გააცნო, გაიხსენა პირველი ნაბიჯები კარიერაში, როდის და როგორ დაიწყო ბიზნესსაქმიანობა. დიზაინერმა ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარა და საჭირო რჩევები მისცა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
ზვიად ციკოლიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საავტომობილო, სამხედრო და ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. მისი პროდუქტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წარმატებით იყიდება.
FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის პროექტია, რომელიც FAB Community-თვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას ისახავს მიზნად.

















