პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია IBC Corporation Solution-ის ორგანიზებით,
ვარშავაში რიგით მეორე პოლონეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის პირველ პანელში პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა, პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ანდჟეი არენდარსკიმ, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს პრეზიდენტმა ქშიშტოფ სენგერმა და პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სტანისლავ რაჟნევსკიმ მიიღო მონაწილეობა.
ფორუმზე საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ. მან ასევე, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე გაამხვილა ყურადღება.
პოლონურ-ქართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში 100-ზე მეტმა ქართულმა და პოლონურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას, რომელიც ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მხარდაჭერით გაიმართა, 150-მდე სტუმარი, მათ შორის, პოლონეთის მთავრობის, ბიზნეს წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები დაეწრნენ.

















