2020 წელს საქართველოში 270 მგვტ სიმძლავრის, ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება
- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ განაცხადა.
ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ პანელზე მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე აღნიშნა: ,,ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში.“
მისივე თქმით, ტექნოლოგიების განვითარება ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული თვითღირებულების შემცირებას იწვევს, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია 2020 წლისთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის - 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის - 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე მიიღოს.

















