ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების
და ტექნოლოგიების სააგენტოში პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორები დაესწრნენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, სან დიეგოს უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორის მენეჯერები ტრენინგებს სრულიად უფასოდ გაივლიან, უნივერსიტეტები კი 3 წლის განმავლობაში, კურიკულუმისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე, აქსელერაციის პროგრამას სასწავლებელში მინიმუმ ორჯერ ჩაატარებენ.
პრე-აქსელერატორის პროგრამა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორების მენეჯერებს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდებათ. ისინი ისწავლიან, როგორ მართონ პრე-აქსელერატორის პროგრამა, საჭირო სეგმენტი როგორ მოიზიდონ და თავიანთი იდეების განვითარებაში როგორ დაეხმარონ სტარტაპებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ დაესწრონ სტარტაპების აქსელერაციის პროცესს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.
სტარტაპებს კი პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით ექნებათ შესაძლებლობა, ბიზნეს იდეები წარმატებულ სტარტაპებად აქციონ.
აქსელერაცია ინოვაციების სააგენტოს მიერ სრულად ფინანსდება და სტარტაპებისთვის და მენეჯერებისთვის პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

















