საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა.
მიმოხილვაში გაანალიზებულია გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა.
მიმოხილვის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიწია და 1.5 პროცენტს გაუტოლდა. ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა. 2018 წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.6 პროცენტი შეადგინა. დეკემბერში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება პურს შეეხო.
პური ნოემბერთან შედარებით 8.4 პროცენტით გაძვირდა. აღნიშნული ცვლილებით პური წლიურად 13.3 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილი წლიურ ინფლაციაში 0.5 პროცენტულ პუნქტამდე გაიზარდა. ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ ძალაში რჩება 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება. აღნიშნული კომუნალური გადასახადების მატების გავლენამ წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე დეკემბერში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
დეკემბერში საკვებიდან აღსანიშნავია ქათმის და ძროხის ხორცის და მწვანილის გაძვირება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციაზე. საპირისპიროდ, ვაშლის, შაქრის, კარტოფილისა და პომიდორის გაიაფებამ ინფლაციას 0.4 პროცენტული პუნქტი მოაკლო. საბოლოოდ, სურსათის ინფლაციამ დეკემბერში 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.5 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია საწვავსა და თამბაქოს პროდუქტებზე 2018 წლის მანძილზე წინა წელთან შედარებით მაღალი ფასები.
ეროვნული ბანკის ცნობით, საწვავზე მაღალი ფასები მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. თუმცა ოქტომბრიდან წლის ბოლომდე ნავთობის ფასებს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, რამაც საწვავის ფასების გარკვეული კლება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების გავლენა ინფლაციაზე დეკემბერში 0.3 პროცენტულ პუნქტამდე შემცირდა, მაშინ როცა იანვარ-ნოემბერში საწვავის ფასების გავლენა ინფლაციაზე საშუალოდ 0.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. თამბაქოს პროდუქტებზე ფასების მატების გავლენამ ინფლაციაზე დეკემბერში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საწვავზე და თამბაქოზე შედარებით მაღალი ფასების გამო, საბაზო ინფლაცია დეკემბერში მთლიან ინფლაციასთან შედარებით კვლავ დაბალი იყო და 0.4 პროცენტს შეადგენდა.

















