"ჩვენ, განათლების სამინისტროსა და ბიზნესთან ერთად, შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელმაც საერთო ძალისხმევით
IT სექტორისთვის საგანმანათლებლო პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც 3 წლის განმავლობაში 10,000 ადამიანის გადამზადებას ითვალისწინებს," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ გამოსვლისას განაცხადა.
კონფერენცია ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის ეგიდით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საბჭომ შეიმუშავა სპეციალური კურსები იმ სპეციალისტების მოსამზადებლად, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია სადღეისოდ შრომის ბაზარზე. მისი თქმით, უახლოეს 3 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამა შრომის ბაზარს 10,000 სპეციალისტს შემატებს.

















