ჰენრიკ ჰოლოლეი: ევროკავშირი საქართველოს ახალ გეგმებს უსახავს
13:37 29.01.2019
თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“
საპატიო სტუმრად მოწვეული ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით იმართება, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა მისასალმებელ სიტყვაში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. როგორც მან აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულება და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებ აამგვარი ურთიერთობების საწინდარია.
„ამის მიზანი როგორც პოლიტიკური დაახლოება, ასევე ეკონომიკური ინტეგრაცია იყო. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია საერთო ვაჭრობაში 30%-იანი წილით. ჩვენ ყოველწლიურად ქვეყანას 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ვუწევთ და ჩვენი ბანკი - ევროპის საინვესტიციო ბანკი, ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მხარდამჭერია, უმთავრესად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი მობილურობა და ტრანსპორტია.
„სასიხარულო ამბავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, 9 იანვარს, ევროკავშირმა ფორმალურად გააფართოვა ევროკავშირის ტრანსევროპული ქსელი და მის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც მოაქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საქართველოს პრიორიტეტული კავშირების განვითარების თვალსაზრისით ახალ გეგმებს უსახავს როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ასევე ინვესტორებისათვის სტაბილურობის განცდა უზრუნველყოფილია“ - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მისი მონაწილეობის ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომა გაიმართება. აღნიშნული დიალოგი საქართველოსთან პირველად ტარდება.